საქართველოს საპენსიო ფონდმა, მსოფლიო ბანკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ტაჯიკეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. სასწავლო ვიზიტი საპენსიო სისტემის გაციფრულების, საპენსიო რეფორმისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას მიეძღვნა.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სისტემის განვითარების გზას, საპენსიო ფონდის მანდატს, ადმინისტრირების მოდელს, ციფრულ სერვისებსა და საინვესტიციო პრაქტიკას. შეხვედრაში საპენსიო ფონდის ხელმძღვანელებთან და გუნდთან ერთად მონაწილეობდნენ ტაჯიკეთის სოციალური დაზღვევისა და პენსიების სააგენტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სოციალური დაცვის უწყებებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში საპენსიო რეფორმისა და თანამედროვე საპენსიო ადმინისტრირების ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო მისი გამოცდილება მნიშვნელოვანი მაგალითია მსგავსი რეფორმების განმახორციელებელი ქვეყნებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონაწილეთა მომსახურების მოდელს, საოპერაციო პროცესებს, უწყებათაშორის მონაცემთა გაცვლას, ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებას, ასევე საპენსიო აქტივების ინვესტირების პრაქტიკას. დელეგაციის წევრებმა მოინახულეს იუსტიციის სახლიც, სადაც საპენსიო ფონდის სერვისების მომსახურებების მიწოდების პროცესს გაეცნენ.
სასწავლო ვიზიტმა ხელი შეუწყო საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის გამოცდილების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. საქართველოს საპენსიო ფონდი აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და საპენსიო სისტემების მოდერნიზაციის მიმართულებით დაგროვილი გამოცდილების პარტნიორი ქვეყნებისათვის გაზიარებას.


