საპენსიო სააგენტოს სერვისების დიჯიტალიზაცია გრძელდება
|
ვაჟა ჯაფოშვილი - დირექტორის მოადგილე

საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, საპენსიო სქემის თითოეული მონაწილისათვის შექმნილია სამუშაო სივრცე, რომლის მეშვეობითაც, დასაქმებული ეცნობა საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების, მათ შორის, ასეთ საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნამეტი შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხარჯის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შემოსავლის ან/და ამონაგების შესახებ ინფორმაციას.

ინდივიდუალური საპენსიო გვერდზე სრულად გამჭვირვალედ და დეტალურად ჩანს კუთვნილი აქტივები, საპენსიო შენატანები, დარიცხული სარგებელი და პორტფელის საინვესტიციო ინსტრუმენტების მიხედვით განაწილება.

თითეულ დასაქმებულს შესაძლებლობა აქვს, სასურველ ფორმატში ჩამოტვირთოს საკუთარი საპენსიო შენატანების შესახებ დეტალური ამონაწერი, ასევე მიიღოს ელექტრონული შტამპით დადასტურებული ცნობა დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსისა და სქემიდან გასვლის უფლების შესახებ. გარდა ამისა, საკუთარი საპენსიო გვერდი გამოიყენოს საპენსიო სააგენტოსგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო სააგენტოსთან კომუნიკაციის მიზნებისათვის.

სამომავლოდ, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით მოითხოვონ ნებისმიერი საფუძვლით საპენსიო აქტივების და პენსიის დანიშვნა, ასევე კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე შეეძლებათ დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლა.

2023 წლის 6 აგვისტოდან მონაწილეები და პენსიის მიმღებები ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით შეძლებენ საპენსიო სააგენტოსთვის მიმართვას და გადაწყვეტილების დაფიქსირებას იმის შესახებ, თუ რომელი საინვესტიციო პორტფელი ან საინვესტიციო პორტფელის კომბინაცია შეეფერებათ მათ. ასევე, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით მიიღებენ სრულ ინფორმაციას მათ მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელების შედეგების და განაწილების შესახებ.

საპენსიო სააგენტო მუდმივად ზრუნავს დაიცვას საპენსიო სქემის მონაწილეების ინტერესები.

ასევე იხილეთ: