
დაგროვებითი პენსია ფინანსური უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. თუმცა, სქემის მონაწილეებს ხშირად უჩნდებათ კითხვები პროცედურების, აუცილებელი დოკუმენტებისა და პენსიის მიღების წესების შესახებ. ამ სტატიაში თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ პენსიის დანიშვნისა და მიღების პროცესის მარტივად, სწორად და შეუფერხებლად გავლაში.
რა შემთხვევაშია შესაძლებელი საპენსიო დანაზოგის მიღება?
დაგროვებითი საპენსიო დანაზოგის მიღების პირობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. კანონის მიხედვით, საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში:
• პირველი და ყველაზე გავრცელებული შემთხვევა საპენსიო ასაკის მიღწევაა. ქალებს უფლება აქვთ საპენსიო დანაზოგი მიიღონ 60 წლიდან, ხოლო მამაკაცებს 65 წლიდან. ამასთან, თუ მონაწილე სურვილს გამოთქვამს, მას შეუძლია საპენსიო დანაზოგის მიღება უფრო გვიან დაიწყოს.
• საპენსიო დანაზოგის მიღება ასევე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პირს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
• მესამე შემთხვევა უკავშირდება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას. თუ მონაწილე სამუდამოდ ტოვებს საქართველოს და მას უწყდება საქართველოს მოქალაქეობა, ამასთან იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, კანონმდებლობა უფლებას აძლევს, მიიღოს დაგროვებული საპენსიო აქტივები.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული შემთხვევების გარდა დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება და თანხის მიღება კანონით არ არის დაშვებული.
შესაძლებელია თუ არა საპენსიო დანაზოგის ერთიანად გატანა?
მონაწილეების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა სწორედ ამ საკითხს ეხება. საპენსიო დანაზოგის სრულად და ერთიანად მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაგროვებული თანხა არ აღემატება კანონით განსაზღვრულ ზღვარს.
ამ ეტაპზე ერთიანად გაცემის ზღვარი 90 000 ლარამდეა. თუმცა ეს მაჩვენებელი ფიქსირებული არ არის. იგი პერიოდულად, კვარტალურ რეჟიმში გადაიხედება და დამოკიდებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ მონაცემებსა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებელზე. თუ პირის საპენსიო დანაზოგი აღნიშნულ ზღვარს აღემატება, თანხის გაცემა განხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
რა ხდება მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?
დაგროვებითი საპენსიო აქტივები მემკვიდრეობით გადადის. ეს ნიშნავს, რომ მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხა არ იკარგება და სრულად ეკუთვნის კანონიერ მემკვიდრეს ან მემკვიდრეებს.
მემკვიდრეს შეუძლია აირჩიოს თანხის მიღების ორი გზა:
• პირველი გზა თანხის ერთიანი გაცემაა, რაც გულისხმობს გარდაცვლილი მონაწილის ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრულად გატანას;
• მეორე გზა თანხის საკუთარ საპენსიო ანგარიშზე გადატანაა. თუ მემკვიდრე თავადაც დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეა, მას შეუძლია აღნიშნული თანხა საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაირიცხოს და გააგრძელოს მისი ინვესტირება.
რა დოკუმენტებია საჭირო საპენსიო ასაკის მიღწევისას?
საპენსიო ასაკის მიღწევის შემთხვევაში პროცედურა საკმაოდ მარტივია. განაცხადის დასარეგისტრირებლად საჭიროა;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
• მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს პენსიის გადარიცხვა.
რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს მემკვიდრემ?
გარდაცვლილი მონაწილის დანაზოგის მისაღებად მემკვიდრემ უნდა წარადგინოს:
• სამკვიდრო მოწმობა;
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• მემკვიდრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს პენსიის გადარიცხვა;რა დოკუმენტებია საჭირო შშმ სტატუსის მქონე პირისთვის?
თუ პირს მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, საპენსიო დანაზოგის მისაღებად საჭიროა:
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
• შესაძლებლობის შეზღუდვის დამადასტურებელი, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის (სსე აქტი) ამონაწერის ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან სსე აქტის ამონაწერის ორიგინალის სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების ფონდის მიერ დადასტურებული ასლი, ან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემიდან ამობეჭდილი სსე აქტის ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი;
• მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს პენსიის გადარიცხვა.
რა დოკუმენტებია საჭირო საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში?
თუ მონაწილე აღარ ფლობს საქართველოს მოქალაქეობას ან არ გააჩნია საქართველოში მუდმივი ბინადრობის უფლება, ამასთან აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა უნდა წარადგინოს:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• საქართველოს მოქალაქეობის ან/და მუდმივი ბინადრობის ნებართვის დაკარგვის დამადასტურებელი, საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება საქართველოს მოქალაქეობის/მუდმივი ბინადრობის ნებართვის დაკარგვის ფაქტი, თარიღი და რომელშიც ასევე მოცემულია მონაწილის პირადი ნომერი, რომელიც მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობის/მუდმივი ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში;
• მონაწილის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
სად და როგორ ხდება განაცხადის წარდგენა?
საპენსიო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია რამდენიმე გზით. მოქალაქეს შეუძლია პირადად მიმართოს საპენსიო ფონდის ოფისს მისამართზე: ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №14.
ასევე, განაცხადის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ქვეყნის მასშტაბით.
მათთვის, ვისაც სურს პროცედურის დისტანციურად გავლა, ხელმისაწვდომია საპენსიო ფონდის ელექტრონული პორტალი. დისტანციური განაცხადის გასაგზავნად აუცილებელია გააჩნდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და შესაბამისი მოწყობილობა.
რა ვადაში განიხილება განაცხადი?
კანონმდებლობის თანახმად, საპენსიო ფონდში წარდგენილი განცხადების განხილვის მაქსიმალური ვადა 30 კალენდარული დღეა.
განხილვის დასრულების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება აისახება მონაწილის პირად საპენსიო გვერდზე, ელექტრონულ კაბინეტში, სადაც შესაძლებელია განაცხადის სტატუსის და გადაწყვეტილების გაცნობა.
შეუძლია თუ არა განაცხადის შეტანა სხვა პირს?
თუ მონაწილე ჯანმრთელობის, ადგილსამყოფელის ან სხვა მიზეზის გამო თავად ვერ ახერხებს პროცედურების განხორციელებას, განაცხადის წარდგენა შეუძლია მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ამისათვის საჭიროა შესაბამისი წესით გაფორმებული მინდობილობა, რომელიც უფლებას ანიჭებს წარმომადგენელს იმოქმედოს მონაწილის სახელით.
დაგროვებითი პენსია მხოლოდ მომავლის დანაზოგი არ არის. ეს არის სქემა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქის ფინანსურ უსაფრთხოებას როგორც საპენსიო ასაკში, ისე განსაკუთრებულ გარემოებებში, როგორიცაა შშმ სტატუსის მინიჭება, მოქალაქეობის შეწყვეტა ან მემკვიდრეობითი შემთხვევები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი უფლებები, პროცედურები და საჭირო დოკუმენტაცია.
დროულად მიღებული და სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება საპენსიო დანაზოგის მართვისა და მიღების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს საშუალებას აძლევს საკუთარი საპენსიო აქტივებით კანონმდებლობის ფარგლებში სრულად ისარგებლონ.
