საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევები და შეფასებები
|
ელენე ოქრომჭედლიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

ბლოგის პირველი სტუმარია “საერთაშორისო სავალუტო ფონდის" (IMF) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩეკირი. წარმოგიდგენთ მასთან ინტერვიუს:


რატომ არის საპენსიო რეფორმა/საპენსიო სქემა მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და რა დადებითი ეფექტები შეიძლება იქონიოს მან ქვეყნის ეკონომიკაზე? 

საპენსიო სისტემას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საპენსიო სისტემა თავს უყრის მოსახლეობის დანაზოგს. ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე მობილიზებული ფინანსური რესურსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ქვეყანას აღარ სჭირდება იგივე რაოდენობის თანხა ისესხოს საგარეო წყაროებიდან. მეტი ადგილობრივი დანაზოგი და ნაკლები უცხოური სესხი ამცირებს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ ქვეყანა მეტად მედეგი ხდება საგარეო შოკების მიმართ.  

საპენსიო სისტემის არსებობა ხელს უწყობს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას. საპენსიო ფონდი არის ინსტიტუციური ინვესტორი, რომელიც ზრდის მოთხოვნას გრძელვადიან ლარის ინსტრუმენტებზე და ასევე ხელმისაწვდომს ხდის ლარის გრძელვადიან საფინანსო რესურსს. გრძელვადიანი ლარის ინსტრუმენტების არსებობა ეხმარება ეკონომიკის დოლარიზაციის დონის შემცირებას, რითაც ეკონომიკა უფრო მედეგი იქნება გაცვლითი კურსის ცვალებადობის მიმართ.


რატომ არის საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანი დასაქმებულთათვის? 

საპენსიო რეფორმის მიზანია, დაეხმაროს დასაქმებულ მოსახლეობას პენსიაზე გასვლის შემდგომ შეინარჩუნონ შემოსავლის დონე და ცხოვრების სტანდარტი. ამასთან, საპენსიო სისტემა დანაზოგების დივერსიფიცირების საშუალებას იძლევა. გარდა საბანკო დეპოზიტებისა და უძრავი ქონებისა, საპენსიო ფონდის არსებობის პირობებში, საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება ადგილობრივი და უცხოური საწარმოების ფასიანი ქაღალდები, წილები, ასევე სახელმწიფო ობლიგაციები. რაც მეტად იქნება საინვესტიციო პორტფელი დივერსიფიცირებული, მით მეტად მედეგი იქნება ეს პორტფელი შოკების მიმართ; მათ შორის უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ცვლილების მიმართაც.


რა რჩევას მისცემდით საპენსიო სააგენტოს?

საპენსიო სისტემისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სისტემის საფუძველი იყოს აშენებული მაღალი რეპუტაციით და საიმედო პერსპექტივით. დღევანდლამდე, საპენსიო სააგენტოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად ვაფასებთ. მნიშვნელოვანია, სააგენტომ გააგრძელოს საქმიანობა და მუდმივად დაიცვან ფონდში აკუმულირებული თანხები და სააგენტოს რეპუტაცია.

ასევე იხილეთ: