საპენსიო ფონდი ორგანიზაციული ინვესტორის როლში წარმოგვიდგება და სტიმულს აძლევს კაპიტალის ბაზრის განვითარებას - ლევან ვეფხვაძე
|
ელენე ოქრომჭედლიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

იმის გასარკვევად, თუ რა როლი შეუძლია საპენსიო ფონდს შეასრულოს კერძო სექტორის განვითარებაში. როგორ შეუძლიათ ქართულ კომპანიებს მიიღონ პირდაპირი, თუ ირიბი სარგებელი საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხებით და რა როლს ასრულებს საპენსიო ფონდი, როგორც უცხოური ინვესტიციების მხარდამჭერი ინსტრუმენტი მივმართეთ ბიზნესმენთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ლევან ვეფხვაძეს. დღეს, კი ჩვენი ბლოგის მეშვეობით, მასთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ. 



თქვენი აზრით, რა როლი შეუძლია საპენსიო ფონდს შეასრულოს კერძო სექტორის მხარდაჭერაში/განვითარებაში? 


ცხადია, რომ საპენსიო რეფორმის შედეგად იზრდება დანაზოგები, რომელიც, თავის მხრივ, ზრდის ბიზნესის საინვესტიციო პოტენციალს ლარში. ამიტომაც, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საპენსიო ფონდის განვითარება პოზიტიურად აისახება ფინანსურ ბაზარზე. მაგ.: დაზღვევასა და საბანკო სექტორზე. როგორც ცნობილია, ფონდში აკუმულირებული რესურსები ამჟამად განთავსებულია კომერციულ ბანკებში, რაც ზრდის ბანკების ხელში არსებულ საკრედიტო რესურსს. ეს, თავის მხრივ, გავლენას ახდენს დანარჩენ სექტორებზეც. ამჟამად, მთავარი გამოწვევა ხომ ლარში დეპოზიტების დაბალი დონეა, რაც თავის მხრივ, უარყოფითად აისახება საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობაზე. შესაბამისად, რადგან საპენსიო ფონდში განთავსებული დანაზოგი გრძელვადიანია, აღნიშნული რესურსიც გრძელვადიანი ინვესტიციის საშუალებას იძლევა.


 

როგორ შეუძლიათ ქართულ კომპანიებს მიიღონ პირდაპირი თუ ირიბი სარგებელი საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხებით? და საბოლოო ჯამში, როგორ აისახება ეს ქვეყნის კეთილდღეობაზე? 


საზოგადოდ, ნებისმიერ რეფორმას აქვს, როგორც გამოკვეთილი დადებითი, ასევე გარკვეული გვერდითი ეფექტები, რომელიც როგორც წესი, მოკლევადიანია, თუმცა გარკვეულ დანახარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. საპენსიო რეფორმის დროსაც, ცხადია, გარკვეული დამატებითი რესურსების აკუმულირება კომპანიებს უწევთ, მაგრამ, თავის მხრივ, საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხები გრძელვადიან დადებით გავლენას იქონიებს როგორც კომპანიებზე საინვესტიციო აქტივობებზე, ასევე მთლიანად ეკონომიკაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ფონდი წარმოადგენს დამატებით საინვესტიციო რესურსს. შედეგად, აღნიშნული რესურსის საშუალებით, კომპანიების ნაწილი პირდაპირ სარგებელს მიიღებს, როდესაც საპენსიო ფონდის სახით შექმნილი დანაზოგები გადაიქცევა პროდუქტიულ ინვესტიციად და გამოშვების ზრდაზე იქონიებს გავლენას. შექმნილი სარგებლის ჯაჭვური, ანუ მულტიპლიკატორული ეფექტი კი შემდგომ სარგებელს მოუტანს ეკონომიკის სხვა აქტორებს და ქმნის იმ ნეტო დადებით ეფექტს, რაც რეფორმის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. 



საპენსიო ფონდი მნიშვნელოვანი მოთამაშეა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვისაც. თქვენი ხედვა როგორია როგორც კაპიტალის ბაზრის, ასევე ფონდისა და კერძო სექტორის როლის ამ მიმართულებით? 


ამ კუთხით არსებობს იმის მაგალითები, როდესაც საპენსიო ფონდი ორგანიზაციული ინვესტორის როლში წარმოგვიდგება და სტიმულს აძლევს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც წესი, საპენსიო ფონდში თავმოყრილი თანხები ყველაზე დაბალი რისკის მქონე ფასიან ქაღალდებში განთავსდება ხოლმე. თუმცა, დაბალი რისკის მქონე განთავსება ასევე შეიძლება შევძლოთ განთავსების სწორი დივერსიფიცირებით. მეორეს მხრივ, თავად ფონდის საინვესტიციო პროცესის გამჭვირვალობა, კი ზრდის მის სანდოობას. ამჟამად საპენსიო ფონდში 1.5 მლრდ ლარია დაახლოებით დაგროვილი, რომელიც გადანაწილებულია კომერციულ ბანკებში და ამით სრულდება დივერსიფიკაციის პირველი პირობა. რაც შეეხება ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობას და ფონდში აკუმულირებული რესურსების მიმართ მთავრობის დამოკიდებულებას, აქ გადამწყვეტი იყო კოვიდ პანდემიით გამოწვეული მძიმე რეცესიისას მთავრობის მიერ ფონდიდან სესხის არ აღების გადაწყვეტილება, რამაც აღნიშნული 1.5 მილიარდი, როგორც საბანკო საკრედიტო რესურსი დატოვა ეკონომიკაში. საბოლოოდ, ფონდში თანხების ზრდის ტემპის გათვალისწინებით, რამდენიმე წელიწადში ფონდში აკუმულირებული თანხის საშუალებით შესაძლებელი იქნება კაპიტალის ბაზარზე ფონდის მეტი აქტივობა, თუმცა ამას დასჭირდება უმნიშვნელოვანესი - ფასიანი ქაღალდების ბაზრის თანამდევი რეფორმა. 



თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება საპენსიო ფონდი განვიხილოთ უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის ინსტრუმენტად? 


როგორც აღინიშნა, ამჟამად საქართველოში ფინანსური ინსტრუმენტები ლიმიტირებულია. შესაბამისად, საინვესტიციო ინსტრუმენტების მრავალფეროვნების ზრდა დადებითად აისახება საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის პროცესზე. მაგალითისთვის, საქართველოში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი ლიკვიდობაა, კერძოდ, მეორადი ვაჭრობის ნაკლებობა, რაც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორია. სწორედ აქ შეგვიძლია განვიხილოთ საპენსიო ფონდი, როგორც საერთაშორისო ინვესტიციების მხარდაჭერის ინსტრუმენტი. კერძოდ, საპენსიო ფონდის ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის პროცესში ჩართვა და მეორადი ბაზრის ლიკვიდობის ზრდა მიმზიდველ გარემოს შექმნის დაინტერესებული საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

ასევე იხილეთ: