საპენსიო რეფორმა ქმნის ეკონომიკური განვითარების სტიმულს - გიორგი ჩერქეზიშვილი
|
მაგდა კოტრიკაძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

რატომ არის საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის? 


საპენსიო რეფორმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია 2 ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებით: საპენსიო რეფორმა ქმნის სოციალური უზრუნველყოფის ახალ სისტემას - როგორც ცნობილია საქართველოში დღეისათვის 900 ათასამდე პენსიონერია, თუმცა ეს რიცხვი, ქვეყნის მოსახლეობის დაბერების ტენდენციიდან გამომდინარე მზარდია და პროპორცია მომუშავე პირებსა და პენსიონერებს შორის წლიდან წლამდე უარესდება, რაც ზრდის დაწოლას სახელმწიფო ბიუჯეტზე. ამასთან, შეზღუდული საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში, უკვე დღეს ე.წ. ჩანაცვლების კოეფიციენტი (პენსია/საშუალო ხელფასზე) არის ძალიან დაბალი და ვერ უზრუნველყოფს ადეკვატურ შემოსავლებს საპენსიო ასაკში. საპენსიო რეფორმა უზრუნველყოფს როგორც საბიუჯეტო დაწოლის შემცირებას, ისე უფრო მაღალ ჩანაცვლების კოეფიციენტს, რაც თავის მხრივ, გულისხმობს უფრო უზრუნველყოფილ სიბერეს საქართველოს მოქალაქეებისთვის. საპენსიო რეფორმა ქმნის ეკონომიკური განვითარების სტიმულებს - საპენსიო რეფორმა კაპიტალის ბაზრის განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ვინაიდან აღნიშნული რეფორმით იქმნება მნიშვნელოვანი ოდენობით გრძელვადიანი ფინანსური რესურსი ეროვნულ ვალუტაში, რაც კაპიტალის ბაზრის სხვა სფეროების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.



რა დადებითი ეფექტები შეიძლება იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე? 


ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა და მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. საპენსიო სქემის ყველა კომპონენტის სრულფასოვანი ამუშავება უკვე რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში შექმნის ძალიან დიდ დანაზოგს და ფინანსურ რესურს რომლის ინვესტირებაც კვლავ ქართულ ეკონომიკაში იქნება შესაძლებელი. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესს, ეკონომიკურ ზრდას და დადებითად აისახება საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე. საპენსიო რეფორმა და საპენსიო სქემის ყველა კომპონენტის ამუშავება ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას.



რატომ არის საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანი დასაქმებულთათვის? 


დასაქმებულებისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა საკმაოდ მომგებიანია. მათ მიერ საპენსიო სქემაში გადარიცხული თანხის ეკვივალენტურ თანხას მათ ანგარიშზე დამსაქმებელიც და სახელმწიფოც რიცხავს. შესაბამისად მათ რეალურად ხელფასიდან დაზოგილი თანხის სამმაგი ოდენობა უგროვდებათ საპენსიო სქემაში. ეს დანაზოგი დასაქმებულებს მისცემთ საშუალებას პენსიაზე გასვლის შემდეგაც ღირსეული შემოსავალი შეინარჩუნონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საპენსიო სქემაში ჩართვის ეფექტი დასაქმებულებში დაზოგვის კულტურის ამაღლებაზე. ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში საკუთარ მომავალზე უფრო მეტად დაფიქრებას, პასუხისმგებლობის ამაღლებას და დაგეგმვას უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. ამგვარად დასაქმებულები უფრო მომზადებულები და გათვიცნობიერებულები შეხვდებიან ეგრეთწოდებული მესამე პილარის ანუ კერძო სადაზღვევო სქემების ამოქმედებას და აქტიურად ჩაერთვებიან სქემებში.

ასევე იხილეთ: