საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის 2022 წლის მიმოხილვა
|
გიორგი მელიქიძე - უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

2022 წელი საქართველოსთვის, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, გამოწვევებით სავსე წელი აღმოჩნდა. პოსტკოვიდური პერიოდით გამოწვეული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რეგიონში მიმდინარე ომმა კიდევ უფრო გაამწვავა. საომარმა მდგომარეობამ, მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში ისედაც შეფერხებული იყო, დამატებით შეასუსტა, რამაც საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა.

შესაბამისად, გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ, განვითარებული ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყეს, რასაც რეცესიის საფრთხე ახლდა თან. შედეგად, 2022 წლის განმავლობაში გლობალური აქციის ფასები საგრძნობლად შემცირდა.

აღნიშნული გამოწვევების ფონზე, საპენსიო სააგენტომ შეძლო მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. მიმდინარე წელს, საპენსიო სააგენტომ ბლუმბერგის Bmatch პლატფორმის საშუალებით დოლარის შესყიდვა და ფონდის აქტიური დივერსიფიკაცია დაიწყო. გლობალური ინვესტიციის ფარგლებში საპენსიო სააგენტომ ამერიკული სახაზინო ვალდებულებები, სუვერენული ევროობლიგაციები და MSCI World ინდექსი შეიძინა. ეს უკანასკნელი 23 განვითარებულ ეკონომიკას, 12 ძირითად სექტორსა და 1,500-ზე მეტი კომპანიის აქციებს მოიცავს. 2022 წლის ბოლოს ინდექსის წილი მთლიან პორტფელში 7.4%-ს შეადგენდა.

2022 წელს, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციების განსახორციელებლად საპენსიო სააგენტომ მსოფლიოში უმსხვილესი საინვესტიციო ბანკები JP Morgan Chase და Citi შეარჩია, რომლებიც მთავარი ბროკერი-დილერები არიან უცხოური ინვესტიციების მიმართულებით და საპენსიო სააგენტოს დავალებით და კანონის მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებენ სავაჭრო ტრანზაქციებს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე.

ამასთან, 2022 წელს საპენსიო სააგენტომ ადგილობრივ სახაზინო ვალდებულებებთან ერთად პირველი ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები შეიძინა. კერძოდ, სს „ნიკორას“ მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული 3 წლიანი ფასიანი ქაღალდები, რომლის ნომინალური ღირებულება 35 მილიონი ლარი იყო. საპენსიო სააგენტომ მისი მანდატის შესაბამისად არსებული ლიმიტის ფარგლებში, აღნიშნული ობლიგაციების 10% შეიძინა.

რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს უშუალო საინვესტიციო საქმიანობას, წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით 40.8% შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდზე ინფლაცია 37.1% დაფიქსირდა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2.95 მლრდ ლარს მიაღწია, აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებულმა წმინდა ამონაგებმა 438 მილიონი ლარი შეადგინა.

ასევე იხილეთ: