ჩვენი დანაზოგების საინვესტიციო პორტფელი
|
გიორგი მელიქიძე - უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

დღევანდელ ბლოგში გაგიზიარებთ, თუ როგორ ნაწილდება ჩვენი საპენსიო დანაზოგი საინვესტიციო პორტფელში, როგორ განსხვავდებიან პორტფელები და რას წარმოადგენს ე.წ. ბენჩმარკ (მიზნობრივი) პორტფელი.

 
სად და როგორ ხორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება?  

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონისა და საინვესიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით (იხ. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი), საპენსიო აქტივების/დანაზოგების ინვესტირება სამ განსხვავებულ რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის/სარგებლის მქონე საინვესტიციო პორტფელში ხორციელდება, ესენია:
დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელები. ამ პორტფელებს შორის განსხვავება არის სხვადასხვა ტიპისა და რისკიანობის მქონე ფინანსური აქტივების წილი მთლიან პორტფელში.

მაგალითად, დაბალრისკიან პორტფელში აქციებში ინვესტირების წილი მთელი პორტფელის მხოლოდ 20%-მდე არის დაშვებული, ხოლო მაღალრისკიან პორტფელში ეს რიცხვი 40-60%-მდე იზრდება.
იმავე კანონის თანახმად, 2023 წლის 6 აგვისტომდე, ჩვენი აქტივების 100% განთავსებული უნდა იყოს დაბალრისკიან პორტფელში, ხოლო აღნიშნული თარიღის შემდეგ, სააგენტოს ექნება უფლება ინვესტირება მოახდინოს საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებშიც. მეტიც, სქემის მონაწილეს თვითონ ექნება უფლება პორტფელებს შორის არჩევანი თავად გააკეთოს.


რა არის ბენჩმარკ პორტფელი?
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი და მარეგულირებლის შესაბამისი ნორმატიული აქტები განსაზღვრავს საინვესტიციო მანდატს (ჩვენი საინვესტიციო მანდატის შესახებ მეტი შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ). შედეგად, საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებს მანდატის შესაბამის საინვესტიციო პოლიტიკას, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი თუ სად, როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს ჩვენი დანაზოგების ინვესტირება.

აღნიშნულ დოკუმენტშია განსაზღვრული ბენჩმარკ პორტფელიც, რომელიც აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩამოყალიბების შედეგად მიღებული პორტფელია. ამ პორტფელში განსაზღვრულია აქტივების კლასები, რისკისა და ამონაგების მახასიათებლები, რომლის მიღწევაც საინვესტიციო სამსახურის მიზანს წარმოადგენს.
ეს პორტფელი მოიცავს სადეპოზიტო სერთიფიკატებს, სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ აქციებს.

ასეთი პორტფელში ინვესტირების მიზანია, უზრუნველყოს მაღალი რეალური ამონაგების, ამასთან ინფლაციაზე მეტი სარგებლის მიღება სქემის მონაწილეების სასარგებლოდ.
საინვესტიციო სამსახური დროთა განმავლობაში საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად რეალურ პორტფელს დაუახლოვებს აღნიშნულ სამიზნე (ბენჩმარკ) პორტფელს. ამ ეტაპზე, დანაზოგები სრულად ინვესტირებულია დეპოზიტებში, თუმცა, 2022 წლის განმავლობაში სააგენტო ეტაპობრივად დაიწყებს პორტფელის დივერსიფიკაციას და სხვა ინსტრუმენტებში ინვესტიციას. მაგალითად: პირველი ნაბიჯი იქნება პორტფელის 20%-ის ეტაპობრივად კონვერტირება უცხურ ვალუტაში და მისი ინვესტირება უცხოურ ვალუტაშივე დენომინირებულ ინსტრუმენტებში (უცხოური ფასიანი ქაღალდები, კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები, ინდექსები და ა.შ).

ასევე იხილეთ: