საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი
|
ანა ბაკურიძე - პორთფელის მენეჯერი

მსოფლიოში საპენსიო სქემების საინვესტიციო მანდატი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, სქემის მიზნების, გარემო ფაქტორების და კაპიტალის ბაზრების განვითარების დონის შესაბამისად. ჩვენს შემთხვევაში, გამომდინარე ჩვენი საინვესტიციო მიზნებიდან და საპენსიო რეფორმის ადრეული სტადიიდან, აქტივების განთავსების სტრატეგია დივერსიფიკაციას და რისკის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას გულისხმობს. შესაბამისად შემუშავებულია ჩვენი მიზნობრივი საინვესტიციო პორტფელიც, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტშია ასახული.  

აღსანიშნავია, რომ აქტივების ფასები ყოველდღიურად იცვლება და დამოკიდებულია გლობალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სხვა გარემოებებზე. შესაბამისად, საპენსიო აქტივების ღირებულებაც ბაზრის ცვალებადობას მიჰყვება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საპენსიო ფონდის ღირებულების პერიოდული რხევები ბუნებრივია და განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს. ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს საპენსიო ფონდის გრძელვადიან დინამიკას და საინვესტიციო მიზნის შესრულების ხარისხს.

ნებისმიერ ინსტიტუციურ აქტივების მმართველს ჰყავს მარეგულირებელი ორგანო, აქვს გაწერილი წესები და ჩარჩოები, რასაც მუდმივად უნდა აკმაყოფილებდეს. საპენსიო ფონდის საინვესტიციო საქმიანობას ზედამხედველობს საქართველოს ეროვნული ბანკი. ამასთანავე, კომპანიის შიგნით არსებობს აუდიტისა და რისკების სამსახური, რომლებიც დამოუკიდებლად აფასებენ საინვესტიციო სამსახურის საქმიანობას და დარღვევების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიმართავენ.

საინვესტიციო აქტივების განთავსების ლიმიტები მკაცრად არის განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტსა და დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონში. ზემოხსენებული დოკუმენტები საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიგოს, თუ რა რისკის აღება შეუძლია საინევსტიციო სამსახურს, რომელ აქტივების კლასებს მოიცავს და რა კონკრეტული შეზღუდვები აქვს დაწესებული. 


ინსტიტუციური აქტივების მმართველის უპირატესობა

აგრეთვე მნიშვნელოვანი კითხვაა, თუ რატომ უნდა მართოს ჩვენი დანაზოგი სხვამ, როცა თვითონვე შეგვიძლია განვკარგოთ იგი? ბუნებრივია, ეს შესაძლებელია, თუმცა აქვე წარმოგიდგენთ, რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს ინსტიტუციურ აქტივების მმართველს, ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდს:

  • აქტივების მმართველებს აქვთ უკეთესი ცოდნა და გამოცდილება, როგორც ფინანსურ ინსტრუმენტებზე, ასევე ფინანსურ ბაზრებზე. ისინი ყოველდღიურად აკვირდებიან მოვლენებს და პორტფელების შესაბამის რებალანსირებას ახდენენ. ეს არის მათი კომპეტენცია და ვალდებულება;
  • აქტივების მართველი კომპანიები განკარგავენ ბევრად დიდი მოცულობის ფულად სახსრებს ვიდრე ინდივიდუალური/საცალო ინვესტორები, შესაბამისად, შეუძლიათ მეტად დივერსიფიცირებული პორტფელი აწარმოონ;
  • ამავე მიზეზის გამო, ტრანზაქციებზე გარკვეული შეღავათები, უკეთესი შეთავაზებები და პირობები აქვთ;
  • ფასიან ქაღალდებზე ხშირად დაწესებულია ლიმიტი, თუ რა მინიმალური მოცულობის შეძენა შეუძლია ინვესტორს. აქტივების მმართველი კომპანიები კლიენტების საერთო თანხით ვაჭრობენ, შესაბამისად, აღნიშნულ მოთხოვნას მარტივად აკმაყოფილებენ;
  • მათ მეტ ფინანსურ ინსტრუმენტსა და პროდუქტზე აქვთ წვდომა, რაც ინდივიდუალური ინვესტორისათვის ლიცენზიების მიღებასთანაა დაკავშირებული ან დროშია გაწელილი;
  • აქტივების მმართველები ითავლისწინებენ კლიენტის სასურველ, სავარაუდო მოგებასა და რისკის მიმართ ტოლერანტულობას. ისინი პორტფელს კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე მართავენ;
  • მათ აქვთ მეტად გამართული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, წვდომა სხვადასხვა სანდო, საერთაშორისო თუ ადგილობრივ საინფორმაციო წყაროზე.

შეჯამებისთვის, საპენსიო ფონდის არსებობა, მრავალი ფაქტორის გამო, არსებითად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და მას სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვნად დადებითი ეფექტი აქვს.

ასევე იხილეთ: