საპენსიო ფონდის როლი საქართველოში
|
ანა ბაკურიძე - პორთფელის მენეჯერი

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო ფონდი 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა და დღესაც ძალიან აქტუალურ საკითხად რჩება. საპენსიო ფონდის არსებობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საპენსიო ასაკის მოქალაქეებისათვის, არამედ, მას ერთ-ერთი საკვანძო როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. 


დაგროვებითი საპენსიო ფონდები შედარებით სიახლეა ჩვენთან, თუმცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია საკმაოდ წარმატებით არსებობს. საპენსიო სისტემა შეგვიძლია დავყოთ ორ ძირითად სქემად: განსაზღვრული სარგებლის (რასაც ინგლისურად Defined Benefit (DB) სქემას უწოდებენ) და განსაზღვრული შენატანების (Defined Contribution (DC)) სქემა. განსაზღვრული სარგებლის სქემა საპენსიო ფონდს უწესებს ვალდებულებას წინასწარ განსაზღვრული პენსიის გადახდასთან დაკავშირებით; განსაზღვრული შენატანების სქემა განსაზღვრავს შენატანების მოცულობას, მისაღები პენსია კი დამოკიდებულია საპენსიო შენატანების ინვესტიციებსა და მათ შემოსავლიანობაზე.  


ქართული საპენსიო სისტემა არის განსაზღვრული შენატანების სქემა, რომელიც 2%+2%+2% ფორმულით მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ DB სქემა უფრო ძველია და საკმაოდ გავრცელებულიც, DC სქემის გამოყენება საგრძნობლად გაზრდილია ბოლო წლებში. მაგალითად, აშშ-ში DC სქემები ჭარბობს DB სქემებს. დიდ ბრიტანეთში, სადაც DB სქემა, ტრადიციულად, ფარავდა კერძო სექტორის უდიდეს ნაწილს, დღეს მხოლოდ ამ სექტორში დასაქმებულთა 20%-ს მოიცავს, ავსტრალიის საპენსიო აქტივების დაახლოებით 87% DC სქემაშია.


რთულია მსოფლიოში მოიძებნოს საპენსიო ფონდების ზუსტი ანალოგები, ვინაიდან ყველა სქემა და საინვესტიციო პოლიტიკა მორგებულია სხვადასხვა ფაქტორზე: ქვეყნის ეკონომიკაზე, მოსახლეობის რაოდენობაზე, სამუშაო ბაზარზე, საშუალო ხელფასის მოცულობაზე, ფინანსური სექტორის განვითარების ეტაპზე და ა.შ.. თუმცა, ქართული საპენსიო სქემა იზიარებს DC სქემის ძირითად პრინციპებს და საერთაშორისო სტანდარტებს.


ცხადია, რომ ფონდის მიზანია მონაწილეებს ჰქონდეთ ადეკვატური პენსია და ღირსეული სიბერე. ამავდროულად, როგორც ზევით აღვნიშე, საპენსიო ფონდს მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მინიმუმ შემდეგი მიმართულებებით:


  • ქვეყანაში ჩნდება ლარის გრძელვადიანი საინვესტიციო კაპიტალი, რაც მნიშვნელოვანია შედარებით გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად;
  • გრძელვადიანი საინვესტიციო კაპიტალი ეკონომიკას ძირითადად კაპიტალის ბაზრის გავლით მიეწოდება, რაც ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას;
  • მნიშვნელოვნად გაიზრდება დანაზოგების დონე ქართულ ეკონომიკაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის დაბალანსებას და მის გარკვეულ შემცირებასაც კი;
  • ჯაჭვური პრინციპით შემცირებული მოთხოვნა სესხებზე გაზრდის რეალური ინვესტიციების დინამიკას ეკონომიკაში;
  • ამავდროულად, რეფორმა დაეხმარება აქტივების მართვის ინდუსტრიის ჩამოყალიბებას საქართველოში.


საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოიტანს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მეტ ზრდას;


ასევე იხილეთ: