რა არის დეპოზიტარი?
|
გიორგი მელიქიძე - უფროსი საინვესტიციო ოფიცერი

დეპოზიტარი (როგორც მას სხვანაირად ასევე კასტოდიანსაც უწოდებენ) არის სპეციალური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ინახავს მისი კლიენტების ფასიან ქაღალდებს და უზრუნველყოფს მათ მაღალი ხარისხით დაცვას რათა ფასიანი ქაღალდები არ იქნას დაკარგული ან მოპარული. მარტივი სიტყვებით, რომ ავხსნათ დეპოზიტარი წარმოადგენს ერთგვარ „სეიფს“ სადაც ინახება ფასიანი ქაღალდები. დეპოზიტარი ინახავს ფასიან ქაღალდებს ძირითადად ელექტონული ფორმით. 


დეპოზიტარი ფინანსური ინსიტუტები, ფასიანი ქაღალდების შენახვის გარდა, საკუთარ კლიენტებს სთავაზობენ სხვა დამატებით ფინანსურ მომსახურებებეს, რაც უკავშირდება ფასიან ქაღალდებს. ესეთი მომსახურებებია:

  • ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული გარიგებების და ტრანზაქციების ადმინისტრირება, დამუშავება, ანგარიშწორება და სხვა საოპერაციო მხარდაჭერა;
  • ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული გარიგებების აღრიცხვა და სხვადასხვა სახის ანგარიშგება;
  • საკუთარი კლიენტების მფლობელობაში არსებულ ფასიან ქაღალდებზე გაცემული დივიდენდების, კუპონების, საპროცენტო შემოსავლების და სხვა ფულადი ნაკადების შეგროვება, მონიტორინგი და განაწილება;
  • საკუთარი კლიენტების იურიდიული წარმოდგენა და მათი სახელით კორპორატიულ ქმედებებში მონაწილეობის მიღება.


რამეთუ დეპოზიტარული მომსახურება არის მაღალი პასუხისმგებლობის და მაღალი რისკის შემცველი მომსახურება, იგი მკაცრ ლიცენზირებას და რეგულირებას ექვემდებარება. გლობალურად დეპოზიტარულ ფინანსურ ინსტიტუტებს წარმოადგენენ ისეთი მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე ფინანსური ორგანიზაციები, როგორებიც არიან: Clearstream-ი, Euroclear-ი, Citi Group-ი, JP Morgan-ი, Bank of New York Mellon-ი, State Street Bank-ი, USB-ი და ა.შ..


როგორც ზემოთ ავღნიშნე დეპოზიტარის ძირითადი ფუნქციაა კლიენტების ფასიანი ქაღალდების უსაფრთხოთ შენახვა და ფასიანი ქაღალდებთან დაკავშირებული გარიგებების/ტრანზაქციების საოპერაციო მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე დეპოზიტარი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სისტემას საფონდო ბირჟების ოპერირებისათცის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დეპოზიტარის გარეშე საფონდო ბირჟები ვერ იფუნციონირებენ, რამეთუ ყველა სავაჭრო გარიგება რაც ბირჟაზე ხორციელდება მხარეებს შორის ტარდება და აღირიცხება საფონდო ბირჟასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეპოზიტარებში.  


აღსაღნიშნავია, რომ ისეთი ფასიანი ქაღალდები, რომელთა შენახვაც ვერ ხორციელდება გლობალური რეპუტაციის მქონე დეპოზიტარის მიერ, წარმოადგნენ მნიშვნელოვან რისკს და სწორედაც ამის გამო ბევრ საერთაშორისო რეპუტაციის მქონე საინვესტიციო ფონდს, საკუთარი საინვესტიციო პოლიტიკის ან/და წესდების მიხედვით ეკრძალებათ ისეთი ფასიანი ქაღალდების შეძენა/ფლობა, რომელთა შენახვაც არ ხორციელდება გლობალური დეპოზიტარის მიერ.


ყველა ინსტიტუციონალური ინვესტორი თავის ინვესტიციებს ფასიან ქაღალდებში ინახავს დეპოზიტარში. უფრო მეტიც, ვერცერთი ინსტიტუციონალური ინვესტორი ვერ იმუშავებს დეპოზიტარის გარეშე, რამეთუ ვერ მოახდენს კლიენტებისათვის შეძენილი ფინანსური აქტივების ჯეროვნად შენახვას. ამავდროულად ვერცერთი ინსტიტუციონალური ინვესტორი ვერ მოიზიდავს საინვესტიციო სახსრებს თავისი კლიენტებისგან თუ მას არ ყავს მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელი დეპოზიტარი. ეს არის მკაცრად დაცული დიდი ხნის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც პირველ რიგში ემსახურება საინვესტიციო ფონდების კლიენტების ინტერესებს და მათი აქტივების ჯეროვნად დაცვას/შენახვას და მინიმუმამდე ამცირებს საინვესტიციო გადაწყვეტილებების საოპერაციო რისკებს.  


რა არის სპეციალიზებული დეპოზიტარი?

სპეციალიზებული (“სპეც.“) დეპოზიტარი არის იგივე რაც დეპოზიტარი, უბრალოდ მას გააჩნია დამატებით სპეციალური ფუნქცია-მოვალეობები და მომსახურებები. საქართველოს შემთხვევაში სპეც. დეპოზიტარის საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ, იგი წარმოადგენს ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიულ პირს და მისი მომსახურებები, ვალდებულებები, და ასევე მისი შერჩევის წესი, გაწერიალია საქართველოს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით. 


საპენსიო სააგენტოს სპეც. დეპოზიტარი უწევს შემდეგ მომსახურებებს:

  • იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;
  • დამოუკიდებლად ამოწმებს საინვესტიციო გადაწყვეტილებების შესაბამისობას დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონთან და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკასტან;
  • იღებს და ინახავს ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;
  • ამოწმებს, არეგისტრირებს და აწარმოებს იმ აქტივების რეესტრს, რომელთა შენახვასაც უშუალოდ იგი არ ახორციელებს;
  • ყოველდღიურ რეჟიმში, საპენსიო სააგენტოსგან დამოუკიდებლად, ახდენს ნებისმიერი საპენსიო აქტივის არსებობისა და მფლობელობის მონიტორინგს;
  • ყოველდღიურ რეჟიმში, დამოუკიდებლად ითვლის საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებას და ახორციელებს საპენსიო სააგენტოს მიერ დათვლილ წმინდა ღირებულებასთან შედარებას;
  • საპენსიო სააგენტოს აძლევს შესაძლებლობას ეფექტიანი წვდომა ჰქონდეს გლობალურ კასტოდიანებთან;
  • საპენსიო სააგენტოს აწვდის მის მიერ დაცულ აქტივებთან დაკავშირებულ კორპორაციულ ქმედებებზე ინფორმაციას და უზრუნველყოფს ხმის მიცემის პროცედურას წარმომადგენლის მეშვეობით;
  • საპენსიო სააგენტოს წარუდგენს ყოველდღიური ტრანზაქციების შესახებ ანგარიშებს; 
  • საპენსიო სააგენტოს წარუდგენს ყველა ტიპის მფლობელობის და ინვესტიციისთვის დამახასიათებელი სხვა მონაცემების ანგარიშებს; 
  • საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციით მისთვის კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში დახმარების გასაწევად;
  • უზრუნველყოფს, რომ საპენსიო აქტივების შეძენისა და განკარგვის თაობაზე დოკუმენტები შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებს;
  • ა.შ..


შესაბამისად, სპეც.დეპოზიტარის მომსახურება არის საკმაოდ კომპლექსური და იგი მოიცავს, როგორც საპენსიო აქტივების შენახვას, აგრეთვე შესაბამისობის რისკსი დამოუკიდებელ მონიტორინგს და ასევე მნიშვნელოვან საოპერაციო და ანგარიშწორების მხარდაჭერას. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სწორედაც ემსახურება იმას, რომ მაქსიმალური დაცულობით და რისკების მინიმიზაციით მოხდეს საპენსიო სქემის მონაწილეების საპენსიო აქტივების დაცვა, შენახვა, აღრიცხვა და მონიტორინგი.  

ასევე იხილეთ: