რატომ იცვლება ჩემი საპენსიო დანაზოგი?
|
დიმიტრი დუმბაძე - საინვესტიციო ანალიტიკოსი

მხოლოდ საპენსიო დანაზოგის ცვლილება სრულ სურათს ვერ გვაჩვენებს. ვნახოთ, რა დგას ამ რიცხვის უკან.


გუშინ თქვენს საპენსიო ანგარიშზე ერთი რიცხვი ჩანდა, დღეს კი სხვა. ბუნებრივია, გაგიჩნდეთ კითხვა: რატომ შეიცვალა ჩემი საპენსიო დანაზოგი?

პასუხი მარტივია: საპენსიო ანგარიში ყულაბა არ არის. ყულაბაში 100 ლარი ისევ 100 ლარია. საპენსიო ანგარიშზე კი ახალი შენატანები ემატება, უკვე არსებული ინვესტიციების ღირებულება კი დროთა განმავლობაში იცვლება.


რატომ იცვლება თქვენი ბალანსი?

ბალანსზე გავლენას სხვადასხვა ფაქტორი ახდენს. მათ შორისაა დეპოზიტებიდან და ობლიგაციებიდან მიღებული პროცენტი, საერთაშორისო აქციების ფასების ცვლილება და უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ინვესტიციების შემთხვევაში, გაცვლითი კურსის ცვლილებაც.

მარტივი მაგალითი

₾ 1000
საწყისი დანაზოგი
+ ₾100 
ახალი შენატანი
+ ₾ 5 
საინვესტიციო შედეგი
= ₾ 1105 
ახალი დანაზოგი



ამ გამარტივებულ მაგალითში საპენსიო დანაზოგი იზრდება, რადგან ანგარიშს ახალი 100-ლარიანი შენატანი და დადებითი საინვესტიციო შედეგი, +5 ლარი, დაემატა. თუ საინვესტიციო შედეგი უარყოფითია, საპენსიო დანაზოგი შენატანის ოდენობაზე ნაკლებად გაიზრდება. ამიტომ მხოლოდ საბოლოო დანაზოგის ნახვა ყოველთვის არ გვიჩვენებს, რამ გამოიწვია მისი ცვლილება.

როგორ შევაფასოთ ბალანსის ცვლილება?

საპენსიო დანაზოგის ღირებულებაზე გავლენას ახდენს როგორც ახალი შენატანები, ისე საინვესტიციო შედეგი. ეს შედეგი მოიცავს ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავალსა და მათი ღირებულების ცვლილებას. შესაბამისად, მოკლევადიანი მერყეობა საინვესტიციო პროცესის ნაწილია და შეიძლება მაშინაც შეინიშნებოდეს, როცა თანხა სხვადასხვა აქტივშია განაწილებული.

საპენსიო დანაზოგი გრძელვადიანი მიზნისთვის ინვესტირდება, ამიტომ ერთი დღის ან თვის შედეგი მისი შეფასებისთვის საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, როგორ იცვლება დანაზოგის ღირებულება უფრო ხანგრძლივ პერიოდში, რა ნაწილი უკავშირდება შენატანებს და რა ნაწილი - ინვესტირებას. შედეგის შეფასებისას გასათვალისწინებელია არჩეული პორტფელის რისკის დონე და თანხის გამოყენებამდე დარჩენილი დროც.

სანამ დასკვნას გამოიტანთ, სამი რამ შეამოწმეთ

1 პერიოდი
ერთი დღე, ერთი თვე და ხუთი წელი სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს

2 შენატანები და საინვესტიციო შედეგი
ახალმა შენატანმა და ბაზრის მოძრაობამ საპენსიო დანაზოგზე საპირისპირო გავლენა შეიძლება მოახდინოს
3 თქვენი პორტფელი
კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების მერყეობის მასშტაბი განსხვავებულია


შეხედეთ უფრო ფართოდ
ერთი დღე მხოლოდ ერთი კადრია და არა მთელი ფილმი. გრძელვადიანი საპენსიო ინვესტიცია იმ პერიოდის მიხედვით შეაფასეთ, რომელიც მის მიზანს შეესაბამება.

შემდეგ ჯერზე

როცა თქვენს საპენსიო ანგარიშს გახსნით, მხოლოდ საპენსიო დანაზოგს ნუ შეხედავთ. ნახეთ ჯამური შენატანები, არჩეული პორტფელი და საინვესტიციო შედეგი. ასევე, მიაქციეთ ყურადღება, დროის რა მონაკვეთშია ეს შედეგი მიღებული

ასევე იხილეთ: